სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
ისინი ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით, მესამე ქვეყნის გავლით გაემგზავრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო უკრაინის მოქალაქეთა გადმოყვანა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალიდან“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა მათი უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის გადაცემა. თავის მხრივ, მათ უზრუნველყვეს უკრაინის მოქალაქეთა ბორტზე განთავსება და ჩარტერული რეისით მგზავრობისას მათი თანხლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან კვლავ რჩება იმ პირთა გარკვეული ნაწილი, რომელთა სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
