დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
მას 41 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“ და მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.