ღაზის მცხოვრებლებს დღეიდან კარვებითა და თავშესაფრის სხვა აღჭურვილობით უზრუნველყოფენ
ღაზის მცხოვრებლებს დღეიდან კარვებითა და თავშესაფრის სხვა აღჭურვილობით უზრუნველყოფენ, სანამ ისინი, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, საბრძოლო ზონებიდან ანკლავის სამხრეთით გადაინაცვლებენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს. „ცაჰალის“ ცნობით, აღჭურვილობას ღაზას სამხრეთ ნაწილში გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები კერემ-შალომის გადასასვლელის მეშვეობით გადაიტანენ, მას შემდეგ, რაც ტვირთს ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეამოწმებენ. მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ ახალი შეტევის დაწყებას აპირებს ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ურბანულ ცენტრზე, ქალაქ ღაზაზე კონტროლის მოსაპოვებლად. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ შეტევის დაწყებამდე ღაზადან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ზონებში მოხდება.