ალასკაზე ანკორიჯში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული
ალასკაზე ანკორიჯში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. რამდენიმე საათში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყება. „ბლუმბერგის“ ცნობით, ამერიკის საიდუმლო სამსახურისთვის შეხვედრისთვის სამზადისი გამოწვევად იქცა, რადგან მათ ერთი თვის სამუშაოს შესრულება ერთ კვირაში უნდა მოესწროთ. ქალაქში ყველა სასტუმრო დაკავებულია. ამერიკული და რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლების გარდა, სამიტის გასაშუქებლად ათასამდე ჟურნალისტია ჩასული. ამერიკული მედიის ცნობით, თეთრი სახლის ადმინისტრაციას შეხვედრისთვის 7 საათი აქვს გამოყოფილი, თუმცა რამდენ ხანს გასტანს ლიდერებს შორის საუბარი, როგორც ტრამპი ამბობს, ეს მოლაპარაკების წარმატებით წარმართვაზეა დამოკიდებული. ამერიკული მედია ასევე იუწყება, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ალასკაზე ჩაფრენისას პირადად დახვდება. ამერიკის პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრამდე ვოლოდიმირ ზელენსკისთან ან ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარს არ გეგმავს.