შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგარეო უწყება მოუწოდებენ უკრაინის შესაბამის უწყებებს , დაუყონებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად
საუბარია სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალზე, ეგრედ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებზე, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის არიან გასამართლებულნი. საპოლიციო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება სამშობლოში, თუმცა ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, უკრაინული მხარე ამ დრომდე თავს იკავებს საზღვარზე მყოფი 87 მოქალაქის საზღვაო გზით დაბრუნების მექანიზმის გამოყენებაზე, დღემდე არ მიუღიათ საბოლოო ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროცესის ხელოვნური გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ეგრედ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში, შემდეგ კი ქართული მხარე იძულებული გახდეს დაუშვას ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. ძალოვანი უწყება განმარტავს რომ საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას და მართლწესრიგს საფრთხის ქვეშ არ დააყენებენ. ქრონიკამ ასევე მოიპოვა კადრები დარიალის სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალური ზონიდან, სადაც უკრაინის მოქალაქეები ცხოვრობენ. უკრაინის საელჩო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალზე" არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის კომენტარს ავრცელებს. თანამშრომლობას ადასტურებენ, თუმცა როდის მოხდება მათი მოქალაქეების გაყვანა არ აკონკრეტებენ.