საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა, მიზანი კი საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების ევროპული გამოცდილების შესწავლა იყო. ორი დღის განმავლობაში, ევრო კონტროლის ექსპერტებმა დაათვალიერეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო მოძრაობის მომსახურების ცენტრი და საოპერაციო ოფისი, ადგილზე შეისწავლეს საჰაერო მოძრაობის ნაკადების და გამტარუნარიანობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, საჰაერო მოძრაობის ნაკადების სწორი და ეფექტიანი მართვა საჰაერო მიმოსვლის რეკორდული ზრდისა და მიმდინარე საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე მნიშვნელოვანი პროცესია.