საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
17 წლის შემდეგაც რუსეთი უარს ამბობს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან - განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ემსახურება საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სოციალურ სისტემებში ინტეგრაციას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ მიზნით ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი უკანონო ქმედება. აღნიშნული ქმედებებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-2024 წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.