მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
რუსეთ -საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. დროშები დაშვებულია პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტის შენობაზე, უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, შსს-ს ყველა შენობაზე, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე. დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც. ------------ 400-ზე მეტი დაღუპული, 2 232 დაჭრილი და დაშავებული, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე, იძულებით გადაადგილებული 130 ათასი ადამიანი - ეს ოკუპანტი ქვეყნის აგრესიის შედეგია. 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფელი გაანადგურეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა. ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს და საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ მავთულხლართებს მიღმა ცხოვრება.