სამართალდამცველებმა ორი დღის განმავლობაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ორი დღის განმავლობაში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია არაერთი პირი, რომელთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია. პოლიციელებმა დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა, მჭიდები, ვაზნები და ჯავშანჟილეტები. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
