„გორბის“ კვლევა
საქართველოს საზოგადოებრივი აზრის და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. რესპონდენტებისთვის დასმული კითხვები მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მიმართულებებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობას. კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა; 10,7% „ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - აძლევს ხმას; 10% - „გახარია საქართველოსთვის“; 9,5% „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“; 7,5% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3,2% - „გირჩი“; 1,8% - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 1,1% - სხვა პარტიები. კითხვაზე: ამ შემოდგომაზე საქართველოში არჩევნები ჩატარდება - თქვენი აზრით, მომავალი არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იქნება - „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 63%-მა განაცხადა, რომ დიახ, არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იქნება. 29%-მა - არასამართლიანი და არადემოკრატიული იქნება, ხოლო 8%-მა არ იცის, ან უარს აცხადებს პასუხზე. კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ქალაქში/მუნიციპალიტეტში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მერი იმსახურებს თუ არა ხელახლა არჩევას, - „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 60%-მა განაცხადა, რომ იმსახურებს ხელახლა არჩევას. 37%-მა თქვა, რომ არ იმსახურებს, ხოლო 3%-მა არ იცის, ან უარს აცხადებს პასუხზე. როგორ შეაფასებდით ირაკლი კობახიძის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესრულებულ სამუშაოს - „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ამ სამუშაოს ივნისის თვეში გამოკითხულთა 55% „კარგად“ და „ძალიან კარგად“ აფასებს. ამასთან, 2024 წლის მარტში კი კობახიძის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესრულებულ სამუშაოს გამოკითხულთა 44% აფასებდა „კარგად“ და „ძალიან კარგად“. 2024 წლის მაისში 41% აფასებს „კარგად“ და „ძალიან კარგად“. გასული წლის ივლისში 46% აფასებდა ასევე „კარგად“ და „ძალიან კარგად“. 2024 წლის ოქტომბერში „კარგად“ და „ძალიან კარგად“ აფასებდა პრემიერის თანამდებობაზე შესრულებულ სამუშაოს გამოკითხულთა 50%. დეკემბერში 36%. მიმდინარე წლის თებერვალში კი 45%, მიმდინარე წლის აპრილში გამოკითხულთა 49% აფასებს პრემიერის შესრულებულ სამუშაოს „კარგად“ და „ძალიან კარგად“. კითხვაზე, რამდენად ენდობით შემდეგ ინსტიტუტებს: ჯარი, პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტი, სასამართლო სისტემა, „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-მა განაცხადა, რომ ენდობა ჯარს. პოლიციას ენდობა 70%. ადგილობრივ თვითმმართველობას - 68%. მთავრობას - 65%. პარლამენტს - 62%. პრეზიდენტს - 60%. სასამართლო სისტემას - 55%. კითხვაზე, როგორი მოლოდინი გაქვთ თქვენი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, უახლოესი 12 თვის განმავლობაში? ფიქრობთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გახდება „უკეთესი“, „უარესი“, „იგივე“, „არ ვიცი/უარი პასუხზე“ - კვლევის მიხედვით, ივნისის თვეში გამოკითხულთა 47%-მა განაცხადა, რომ იქნება უკეთესი. 19%-მა განაცხადა, რომ იქნება უარესი. 31%-მა განაცხადა, რომ იგივე დარჩება, ხოლო 3%-მა არ იცის, ან უარს აცხადებს პასუხზე. ამავე კითხვაზე 2024 წლის დეკემბრის თვეში გამოკითხულთა 38%-მა განაცხადა, რომ იქნება უკეთესი. 31%-მა უარესი, იგივე იქნება ფიქრობდა 24%, არ იცოდა პასუხი 7%-მა. მიმდინარე წლის თებერვალში გამოკითხულთა 40% კი აცხადებდა, რომ იქნება უკეთესი, უარესი-22%, იქნება იგივე - ფიქრობდა 34%, არ იცოდა პასუხი - 4%-მა. მიმდინარე წლის აპრილში უკეთესის მოლოდინი დააფიქსირა 43%-მა, უარესი - 20% მა, იგივეს ფიქრობს 34%, არ იცის პასუხი ან უარი აქვს პასუხზე 3%-ს. რაც შეეხება კითხვას, რომელი გამონათქვამია თქვენს მოსაზრებასთან უფრო ახლოს? გამოკითხულთა 61% თვლის, რომ „ქართული ოცნება“ უკეთესი არჩევანია მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად; 24% ამბობს, რომ ოპოზიცია უკეთესი არჩევანია მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად; 15%-ის პასუხია - არც ერთი/არ ვიცი. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისსა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდით ჩაატარა. საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით შესრულდა. შედგა 2 300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის). წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში. სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: პლიუს - მინუს 3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.