აღსრულების ეროვნული ბიურო თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აღსრულების ეროვნული ბიურო თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოსახლების პროცესი დასრულებულია. ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქმე უწყებაში 2024 წლის 11 ივნისს შევიდა და ერთი წლის განმავლობაში, ინდივიდუალურად განსაზღვრეს კორპუსში მყოფი ყველა მოქალაქის სოციალური სტატუსი და საჭიროებები. უწყების ცნობით, დევნილისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებმა თბილისის მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროსგან დახმარების შეთავაზება მიიღეს. გამოსახლების პროცესი მისი დაწყებიდან ორჯერ გადაიდო, რითაც მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მოსარიგებლად და საქმის ნებაყოფლობით დასასრულებლად. აღსრულების ბიუროს ცნობით, კრედიტორმა მისამართზე მცხოვრებ პირებს შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დათანხმდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შენობა-ნაგებობები იყო საცხოვრებლად საშიში, რასაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებულია 17 ადამიანი.