რატომ არ მიჰყავს უკრაინას საკუთარი მოქალაქეები ლარსიდან და რა გამოსავალი მოძებნა ქართულმა მხარემ
რატომ არ მიჰყავს უკრაინას საკუთარი მოქალაქეები ლარსიდან და რა გამოსავალი მოძებნა ქართულმა მხარემ. ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს „პრაიმ ტაიმი“. სააგენტოს ინფორმაციით, უკვე რამდენიმე კვირაა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკრაინის 80-მდე მოქალაქე სამშობლოში დეპორტაციას ელოდება. ზელენსკიმ ეს ხალხი ციხიდან გაათავისუფლა იმ პირობით, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებდნენ. ნაცვლად ამისა, უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებულმა პირებმა ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რუსეთის მხარეს გადავიდნენ და შემდგომ, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდნენ. „პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ უკრაინელ კრიმინალებს ბრალად მძიმე დანაშაული აქვთ დადასტურებული, უმეტესობა მათგანს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის შიდსის ვირუსი უფიქსირდებათ. რისკების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი განაცხადა. „პრაიმ ტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ქართულმა მხარემ, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოლდოვას რესპუბლიკის უარის შემდეგ უკრაინას მათი მოქალაქეების დაბრუნების ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, მოქალაქეების დაბრუნების რა ფორმა შესთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოლეგებს და მიიღო თუ არა პასუხი.
