ოფიციალური შეხვედრები
ორმხრივი ურთიერთობები, თანამშრომლობის დადებითი დინამიკა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერ-მინისტრმა ეს საკითხები უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილა. ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობის მნიშვნელობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განსავითარებლად. ბახტიორ საიდოვი საქართველოში უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას დღეს პრეზიდენტმაც უმასპინძლა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება. მრავალწლიანი თანამშრომლობის დადებით დინამიკას გაესვა ხაზი უზბეკეთის პირველი დიპლომატისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე. შალვა პაპუაშვილმა უზბეკეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მადლიერება გამოხატა. მხარეებმა ასევე აღნიშნეს პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტის მიმართულებით, რათა შუა დერეფნის პოტენციალი უკეთ იყოს ათვისებული. ასევე აღინიშნა საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობაც. შეხვედრა შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკ კოლეგასთან განსაკუთებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. გარდა ამისა მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას. დღესვე ხელი მოეწერა ორი ქვეყნის საგარეო უწყებების თანამშრომლობის პროგრამას.
