გიორგი რამიშვილის დაკავებაზე "სილქ როუდ ჯგუფმა" განცხადება გაავრცელა
გიორგი რამიშვილის დაკავებაზე "სილქ როუდ ჯგუფმა" განცხადება გაავრცელა. კომპანია მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. "სილქ როუდ ჯგუფი" ადასტურებს რომ რამიშვილი აეროპორტში დააკავეს. ხელბარგში კი აღმოაჩინეს კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. მანამდე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც წერია რომ 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გიორგი რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გიორგი რამიშვილის სახელზე, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.
