თბილისში, მკლავჭიდის აკადემიას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, უკრაინელი ელენა კუზმიჩი ეწვია
საქართველოს პროფესიონალური მკლავჭიდის ლიგის პრეზიდენტის, მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ ზვიად ხაჩიძის მოწვევით, თბილისში, მკლავჭიდის აკადემიას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, უკრაინელი ელენა კუზმიჩი ეწვია. კუზმიჩმა დაინტერესებული პირებისთვის უფასო საკვალიფიკაციო სემინარები ჩაატარა. მან ქართველ მკლავჭიდელებს და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მსაჯობის წესები, ფსიქოლოგიური თავისებურებები და ეთიკური სტანდარტები დეტალურად გააცნო.სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.ელენა კუზმიჩი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მსაჯია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს სისტემატურად ატარებს.
