პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ, ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს გაგა მკურნალიძეს და ნომერ მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს ბრალდება წარუდგინა. დაწესებულებაში ყოფნისას გამსახურდიასთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა ცემა/წამების ფაქტებს, რის გამოც მან პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. იგი ასევე ცდილობდა, საკუთარი ადვოკატების მეშვეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ხმა მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, რის გამოც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონოდ შეეზღუდა წერილების მიღება-გაგზავნა და სატელეფონო კომუნიკაცია. გამოძიებით დადგინდა რომ 2010 წლის 7 ივნისს კი გაგა მკურნალიძემ კონტროლიორს და გიორგი ბუთლიაშვილს მისცა უკანონო დავალება, რომ კონტროლიორს დაეწერა პატაკი ამავე დაწესებულების დირექტორის სახელზე, თითქოსდა ცოტნე გამსახურდიამ შესთავაზა ქრთამის სახით ათასი ლარი, თუ იგი მიაწვდიდა ინფორმაციას დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიმართ ცემა/წამების ფაქტებზე.
