შეხვედრა სავალუტო ფონდთან
სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმა, რომელიც სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო, პრემიერმა ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილა. ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, აღმასრულებელ დირექტორს და საქართველოში მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნის პროგრესს ბაზრის დივერსიფიკაციის, რეგიონული სავაჭრო კავშირების გაუმჯობესების, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომლებიც საქართველოში „მეოთხე მუხლის კონსულტაციების“ მისიის ფარგლებში იმყოფებიან, მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
