ირაკლი კობახიძე ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა, რომელიც საქართველოს თბილისის მშრალი პორტის გახსნასთან დაკავშირებით ეწვია. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე − სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. ხაზი გაესვა მშრალი პორტის პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში, მათ შორის ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან შუა დერეფნის მეშვეობით გადაზიდული ტვირთებისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საინვესტიციო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია „ემაარ ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის მხრიდან ინვესტორების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც მიმართული იქნება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ. შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი.
