ნუ წაართმევ ბავშვობას - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია დაიწყო
უწყებამ კამპანია უკვე მეექვსედ გახსნა. ღონისძიება ბოლნისის მხარეთ მცოდნეობის მუზეუმში ჩატარდა. მოეწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება, რომლებიც ეფუძნება რეალურ მსხვერპლთა ამბებს და ასახავს ბავშვობის ასაკში ქორწინების მავნე შედეგებს. უწყების ცნობით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, დირექტორებთან, მანდატურებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების თემაზე, სკოლის მოსწავლეებისთვის პოსტერების კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში, სამი გამარჯვებული გამოვლინდება და მათ პრიზებით დააჯილდოებენ.
