პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს, რეგიონში საქართველოს როლს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მრავალ მილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია. ირაკლი კობახიძის და სტივ დეინსის შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი დაესწრნენ.

სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები