ალექსანდრე მუხაძეს მეტსახელად „ქილერას" 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პატიმრის წამების ფაქტზე ბრალდებული, ალექსანდრე მუხაძე მეტსახელად „ქილერა,“ დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მერვე დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაუპატიურებით დაემუქრნენ. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად, აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. მთავარი საგამოძიებო უწყების ცნობით, სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ სექსუალურ ძალადობას აყურებინეს და დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
