ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე – "მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ" შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება არ დარღვეულა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე – "მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ" შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება არ დარღვეულა. საქმე ეხება 2020 წლის 9 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციას და ალექსი მაჭავარიანის მიერ შეშის მიტანის მცდელობისას, მის ადმინისტრაციულ დაკავებას. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის პრეტენზიების ძირითადი და არსებითი ნაწილი უსაფუძვლოდ მიიჩნია. ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება წარიმართა ევროპული კონვენციის შესაბამისად და პროცესში დაცული იყო მხარეთა თანასწორობისა და სასამართლოს მიუკერძოებლების პრინციპი. რაც შეეხება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სასამართლომ ამ ნაწილში საჩივარი გამოაცხადა როგორც დაუშვებელი, რადგან მომჩივანს თავისუფლად შეეძლო საკუთარი შეხედულების გამოხატვა და მანიფესტაციაში მონაწილეობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული წესით დაკავებას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მომჩივნის აშკარა უარი პოლიციის მოთხოვნის შესრულებაზე და მიიჩნია, რომ მისი დაკავება მოხდა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების დაცვით. ერთადერთი ხარვეზი, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაკავებასთან კავშირში დაინახა არის ის, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ არ შეფასდა - წარმოადგენდა თუ არა მომჩივნის 22 საათის განმავლობაში დაკავება პროპორციული.
