შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე დააკავა. ბრალდებულებმა სატვირთო ავტომანქანებში არსებული სპეციალური სამალავით, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს. მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით, საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენას გეგმავდნენ. ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა გზით ნარკოტიკული საშუალებების შეძენას ცდილობდნენ, რათა შემდგომში მისი რეალიზაცია მოეხდინათ. სამართალდამცველებმა ბრალდებულ პირთა პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები, საბრძოლო მასალა და დიდი ოდენობით თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
