თბილისში, 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე გადაწყვეტილება მიღებულია
თბილისში, 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე გადაწყვეტილება მიღებულია და ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიეწოდება. საკითხზე ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილმა კომისიამ იმსჯელა. სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე შეიქმნება მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი, რაც ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტადიონის მულტიფუნქციურობა მთელი წლის განმავლობაში სივრცის მაქსიმალურ დატვირთვას უზრუნველყოფს. ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება.
