პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის საელჩოს განცხადებას და რეაქციებს ამ განცხადებაზე სოციალურ ქსელში ეხმიანება
პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის საელჩოს განცხადებას და რეაქციებს ამ განცხადებაზე სოციალურ ქსელში ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად სწორი იყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, სრულად ჩაეკეტა ამერიკელი ხალხის ფულით პროპაგანდის, სხვა საზოგადოებათა დესტაბილიზაციის და შიდა დაპირისპირების დაფინანსების არხები. შეგახსენებთ, გუშინ საელჩომ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება, სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით. ამის საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ შესაბამისი დანაყოფები მორიგ ცრუ შეტყობინებაზე მუშაობდნენ, საელჩოს კი სუსმა მოუწოდა, თავი შეიკავოს შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან. დღეს საელჩომ მორიგი განცხადება გაავრცელა. რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საელჩოს აცნობეს, რომ სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი.
