„კრედიტ სუისის“ აღიარებული დანაშაული
„კრედიტ სუისმა“ დანაშაული აღიარა. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „კრედიტ სუისმა“ შეთქმულების გზით, შემოსავლების სამსახურს 4 მილიარდი დოლარის ოდენობის გადასახადები დაუმალა და ამისთვის 475 ოფშორული ანგარიში გამოიყენა. უწყების ცნობით, შვეიცარიულმა ბანკმა დანაშაული მას შემდეგ აღიარა, რაც ამერიკის სამართალდამცავმა ორგანომ, მრავალწლიანი გამოძიების შედეგად, იქ ფინანსური თაღლითობა და თანხების ბოროტად გამოყენების ფაქტები გამოააშკარავა. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, „კრედიტ სუისის“ ბანკირები თაღლითური საქმიანობის ფარგლებში აყალბებდნენ ფინანსურ ჩანაწერებს, აფორმებდნენ ფიქტიურ დონაციებს, გარდა ამისა მათ სინგაპურში საიდუმლო ანგარიშები ჰქონდათ. სასჯელის სახით, შვეიცარიული ბანკი 510 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას, მიმდინარე გამოძიებაში თანამშრომლობასა და უწყების მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის გადაცემას დათანხმდა.
