74 წლის ასაკში გარდაიცვალა დირიჟორი, კომპოზიტორი და მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი
74 წლის ასაკში გარდაიცვალა დირიჟორი, კომპოზიტორი და მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი. ვახტანგ მაჭავარიანი თანამშრომლობდა სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრთან, სადაც სხვადასხვა სპექტაკლთან ერთად, იყო ბალეტ „ვეფხისტყაოსნის" დამდგმელი დირიჟორი. ამავე პერიოდში თანამშრომლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან და ევროპის საოპერო დასებთან. ორი სეზონის განმავლობაში საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერულ ორკესტრს ხელმძღვანელობდა. 1996 წლიდან ვახტანგ მაჭავარიანი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, შემდგომში კი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 2022 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მუსიკოსმა სიმფონიური სურათი „მარიუპოლი“ მიუძღვნა. ვახტანგ მაჭავარიანი სხვადასხვა დროს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოწვეული დირიჟორი და პიანისტი იყო.
