ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. სხდომაში მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე , ლაშა დარსალია. გენერალურმა მდივანმა დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები. გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული მექანიზმების, მათ შორის ევროპის საბჭოს ინსტიტუტების, შესვლის შეზღუდვის გამო. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს, კონსოლიდირებული ანგარიშის მიღების და საქართველოს საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნებისათვის.
