დღეს თავდაცვის ძალების დღეა
დღეს თავდაცვის ძალების დღეა. ქართული ჯარი 34 წლისაა. საზეიმო ღონისძიება გაიმართა ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში. 150-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურების, ასევე საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის გამორჩეული სამხედროები, თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებრივი მედლით დაჯილდოვდნენ.სამხედროებმა ჯარისკაცის მრწამსიც წარმოთქვეს. სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. ჯარს დღევანდელი დღე პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე ხელისუფლების ლიდერებმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
