შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებულებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდეს ნარკოტიკები და ფლობენ ფაქტების ამსახველ, ფარულად ჩაწერილ აუდიო-ვიდეომასალას. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „კოკაინი“, „მეთადონი“, „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად არის ამოღებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
