ნაცმოძრაობის პოლიტიკური დაისი
ნაციონალური მოძრაობის გარდა, კიდევ რომელი პარტიები დაკარგავენ ქართულ პოლიტიკაში არსებობის უფლებას? ეს კანონით განისაზღვრება. მოქმედი კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება. სასამართლო კი მსგავს გადაწყვეტილებას იღებს თუ პარტიის მიზანი კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. თუ პარტია ომის ან ძალადობის პროპაგანდას ეწევა, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს აღვივებს. ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტში აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდეს ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემდგომ სხვა სახელწოდების, თუ სხვა შეფუთვის საფარქვეშ მათი პოლიტიკური რეინკარნაციის პრევენციისთვის.