კანონპროექტი, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა
კანონპროექტი, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. კანონში ჩაიწერება მემკვიდრე პარტიის დეფინიციაც. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიმე პარტიას არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს და შეიქმნება პარტია სხვა სახელით, თუმცა იმავე ბირთვით და მიზნებით და ამას საკონსტიტუციო სასამართლოც დაადგენს, ამ შემთხვევაში ეს პარტიაც აიკრძალება. რაც შეეხება პროექტს, დოკუმენტში წერია, რომ აიკრძალება იმ პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.