დონალდ ტრამპმა მსოფლიოს სავაჭრო ომი გამოუცხადა
დონალდ ტრამპმა მსოფლიოს სავაჭრო ომი გამოუცხადა. ასე აფასებს მსოფლიო მედია თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე, მინიმუმ 10%-იანი, ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე კი 25%-იანი ტარიფი დაწესდება. დაახლოებით 60-ც ქვეყანას, რომლებსაც, ტრამპის თქმით, ამერიკულ საქონელზე ყველაზე მაღალი ტარიფები აქვთ დაწესებული, შეერთებული შტატების მხრიდან განახევრებული ტარიფები დაუწესდებათ მათ ტარიფებთან შედარებით. 20%-იანი ტარიფები იმოქმედებს ევროკავშირზე. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე, უკრაინისა და თურქეთის მიმართ 10%-იანი ტარიფი დაწესდება. საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს შევა ძალაში. ტარიფების დაწესებისთვის ფართო უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად ტრამპმა ეკონომიკაში ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
