შეხვედრა აშშ-ს ელჩთან
ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა და შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა. მხარეებმა ასევე განიხილეს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაცხადებული ეკონომიკური პრიორიტეტები და თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, შუა დერეფნის, ასევე ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებისა და თანამშრომლობის წახალისების შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს სან ფრანცისკოში დაგეგმილია საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომლის მიზანიც იქნება ქართული სტარტაპ კომპანიების ინტერნაციონალიზაციისა და გლობალურ ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა, ასევე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, ფონდებისა და ინვესტორთა ქსელების დაინტერესება. რობინ დანიგანის განცხადებით, ამერიკის საელჩო აქტიურად დაუჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად განხორციელდება.