პრემიერ-მინისტრი რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ამ მხრივ არსებულ გეგმებს. განიხილეს დაგეგმილი ორ მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა. საუბარი შეეხო თბილისის ახალი, ულტრათანამედროვე სტადიონის პროექტს, რომელიც 70 ათას ადგილიანი იქნება და საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბავშვთა რაგბის ხელშეწყობისა და მათთვის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება სტადიონების მშენებლობა 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში. პრემიერ-მინისტრის თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა პასუხობდეს გაზრდილ მოთხოვნილებას, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.