ოფიციალური შეხვედრები
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი რეგიონული პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-10 სხდომის ეფექტიანობა, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. აგრეთვე ყურადღება დაეთმო, თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. დღესვე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას და მზად არის განაგრძოს ამ პროცესში წვლილის შეტანა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ თანამშრომლობაზეც.
