საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა დელეგაციის წევრებს ორბელიანის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონული ფორმატით. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას და მზად არის განაგრძოს ამ პროცესში წვლილის შეტანა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ თანამშრომლობაზე. მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
