საუდის არაბეთში შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკების მეორე რაუნდი იწყება
ამ წუთებში საუდის არაბეთში შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკების მეორე რაუნდი იწყება. შეხვედრას ქალაქი ჯიდა მასპინძლობს. ამერიკულ დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. მასთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობენ უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი. უკრაინულ მხარეს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა წარმოადგენენ. ჯიდაში იმყოფება ვოლოდიმირ ზელენსკიც, თუმცა ის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ჯიდაში ჩაფრენამდე მარკო რუბიომ თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები დადებითი შედეგით დასრულდება.
