ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი გაიმართა
რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ამ საკითხებზე გააკეთა ძირითადი აქცენტი ქართულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდზე. საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე და ამ კონტექსტში, ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობისა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედების ფაქტებზე. ქართულმა მხარემ ასევე დაგმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან, რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა, რაც წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
