დააკავებული ჯორჯესკუ
რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიტიკოსს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა სწორედ დღეს უნდა დაერეგისტრირებინა, თუმცა ავტომობილის მართვის დროს, გზაზე გააჩერეს და გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე წაიყვანეს. ჯორჯესკუს დაკავებამდე კი, რამდენიმე საათით ადრე, პროკურატურამ რეიდი ერთდროულად რამდენიმე რეგიონში ჩაატარა. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა, მასში პირველი ადგილი დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მოიპოვა. თუმცა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა და ხელახალი არჩევნები 2025 წლის გაზაფხულზე დანიშნა.
