ჩხრეკა სანდრო ცნობილაძის სახლში
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, დაზარალებული ქალის საჩივრის საფუძველზე, გამოძიებას აწარმოებს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაზარალებულ ქალბატონს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, ყალბი გვერდიდან უცნობი პირი წერდა, რომელმაც დაარწმუნა, რომ მისი ნაცნობი იყო, რომელთანაც წარსულში ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის გადაგზავნას სთხოვდა. მოგვიანებით კი, როდესაც დაზარალებულმა გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების წაშლა მოსთხოვა, უცნობმა წაშლის სანაცვლოდ ინტიმური კავშირის დამყარება შესთავაზა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის “მეტადან” მიღებული მასალებით დადგინდა მისამართები, რომლებზეც რეგისტრირებული ყალბი პროფილები ალექსანდრე ცნობილაძის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილის მისამართებს ემთხვევა. პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. საგამოძიებო უწყება დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს აქვეყნებს და ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, დაზარალებულისა და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით საქმის სხვა მტკიცებულებები გამოაქვეყნოს.
