ადმინისტრაციული წესით დაკავებულები
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა”. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, უწყების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია/მანიფესტაციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად კეტავენ რუსთაველის გამზირს, ისე რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას და ითვალისწინებს ჯარიმას 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მუდმივად ხდება სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული სახდელის შეფარდება. როგორც საპოლიციო უწყება ამბობს, თითოეულ სამართალდამრღვევს განემარტება, რომ თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო ქვითარს, უფლებამოსილია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოადგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები
