შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 22 ადამიანი დააკავა, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 22 ადამიანი დააკავა, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან საქართველოს, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები. სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ, ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულთაგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდა ნარკოტიკები და პროცესის ამსახველი ფარული აუდიო-ვიდეო მასალა გადაიღო. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.