ნათია ჯანაშია ინვესტორი კომპანიის დირექტორს ირაკლი გილაურს სკოლის მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ნათია ჯანაშია ინვესტორი კომპანიის დირექტორს ირაკლი გილაურს სკოლის მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს. ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა და „საქართველოს კაპიტალს“ შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წელს გაფორმდა. ნათია ჯანაშიას თქმით, კი 6 წლის განმავლობაში გილაურის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულებები არ შესრულებულა. ამიტომ ჯანაშია გილაურის კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებასა და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ნათია ჯანაშია ასევე აცხადებს, რომ ირაკლი გილაური ახლა ყველა სტანდარტის დარღვევით სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნას ცდილობს, რაც ჯანაშიას მხრიდან სკოლის მიტაცების მცდელობად ფასდება. „ქრონიკა“ ირაკლი გილაურს მისი პოზიციის გარკვევის მიზნით დაუკავშირდა თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
