ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით რეგისტრირებულმა წვევამდელებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება გაიარეს
ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით რეგისტრირებულმა წვევამდელებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება გაიარეს. წვევამდელები სამხედრო ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლას ექვსი ან რვა თვის განმავლობაში შეუდგებიან. წვევამდელების ნაწილი ვებ-გვერდზე დარეგისტრირდა, ნაწილმა კი ადგილობრივ სამხედრო განყოფილებას საკუთარი სურვილით მიმართა. გამოძახებამდე, საკუთარი სურვილით განაცხადის გაკეთება მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ექვსი, რვა ან 11-თვიანი ვადებიდან, მის დაკომპლექტებამდე, არჩევანის საშუალებასა და განსაზღვრულ ანაზღაურებაზე 30 პროცენტიანი დანამატის მიღების შესაძლებლობას აძლევს. 6-თვიანი ვადით წვევამდელები საბრძოლო ქვედანაყოფში იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 765 ლარი იქნება. 8-თვიანი ვადით წვევამდელები საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და დარიცხულ ანაზღაურებას, თვეში 635 ლარის ოდენობით მიიღებენ. 11-თვიანი ვადით წვევამდელებს შეუძლიათ იმსახურონ საბრძოლო ქვედანაყოფში უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე. წვევამდელების დარიცხული ანაზღაურება თვეში 1275-დან 1530 ლარამდე შეადგენს. 11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ მათ მიენიჭებათ შესაბამისი სამხედრო წოდებები - ლეიტენანტი ან უმცროსი სერჟანტი და ჩაირიცხებიან რეზერვში.
