თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა
თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა თანათავმჯდომარეებთან ერთად, ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, ლაშა დარსალიას ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით გადადგმულ ნაბიჯებზე. ამ კონტექსტში, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთში აეროპორტის უკანონოდ ამოქმედების საკითხს. ქართულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა აფხაზეთის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების უკანონობას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2025 წლის 4-5 მარტს.
