შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 ადამიანი დააკავა, ხოლო ოთხს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათგან სამი ე.წ. „კანონიერი ქურდია“. სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ე.წ. "ქურდული სამყაროს" წევრები და ე.წ. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყვნენ ჩართული. ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ. გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულები ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, ამოღებულია სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.