კრიპტოვალუტის მითვისების საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად დღეს ბიძინა ივანიშვილი გამოიკითხა. სხდომა დახურული იყო, გამოკითხვა კი ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საუბარია თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე. ბრალდების მხარის განცხადებით, ივანიშვილის ჩვენება იყო ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რადგან ამ ჩვენებით დადასტურდა როგორც ბიტკოინის მითვისების, ასევე ფულის გათეთრების ნაწილიც. გამოძიება ბაჩიაშვილს 2017 წელს ჩადენილ ქმედებას ედავება, როდესაც მან ინვესტორს, ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ ნაწილი გადასცა, ხოლო ინვესტორის კუთვნილი დარჩენილი ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბაჩიაშვილს ცხრიდან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.