შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა
მოსამართლის განჩინების საფუძველზე გატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე დადგომას და სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები ამ გზით მოპოვებულ თანხას სრულად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულის მიერ გამომუშავებული თანხის რაოდენობა არ დააკმაყოფილებდათ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას მიმართავდნენ. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
