460 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია
საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ექსიმ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“, ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრისა და კომპანიის ხელმძღვანელების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. საინვესტიციო პროექტით დაგეგმილია ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგურების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას, ისე ამ მიმართულებით საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდას. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ქვეყნის დიდი საინვესტიციო პოტენციალი და ის ხელშეწყობა, რომელიც ბიზნესმენებს საქართველოს მთავრობისგან აქვთ, საქართველოს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისთვის. უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციის განხორციელებას, კომპანია მიმდინარე წელს დაიწყებს და პროექტები ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა. ექსიმ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ საქართველოში ბოლო წლებია წარმატებით ოპერირებს და ორი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი უკვე განახორციელა, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა, ორას მილიონ დოლარს აღემატება.
